რელიგიები
საქართველოში
Religiebi.info წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ცენტრის ახალ რესურს, რომელიც რწმენის და აღმსარებლობის თავისუფლების საკითხებს გააშუქებს, ხელს შეუწყობს ტოლერანტობის კულტურის განვითარებას, რელიგიათაშორისი დიალოგის გაღრმავებას და აღმსარებლობის თავისუფლების დაცვას.
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა რელიგიური უმცირესობების უფლებები საქართველოში?
ოსი ხალხის რელიგიური იდენტობა
სალომე აჩბა
ოსი ხალხი, ისევე როგორც ქართველები და კავკასიის სხვა ხალხები, გაქრისტიანებამდე წარმართები იყვნენ. თუმცა, წარმართობიდან შემორჩენილი წეს-ჩვეულებები დღესაც გვხვდება ხოლმე ოსების ყოფაში.
ოსების ერთ-ერთი მთავარი წარმართული ღვთაებაა ვასტირჯი, რომელიც, მათი რწმენით, მამაკაცთა და მგზავრთა მფარველია. იგი თეთრწვერა, თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდანია. მკვლევართა აზრით, ვასტირჯი გახალხურებული წმ. გიორგია.
ოსური პანთეონის შესახებ ფილოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნაირა ბეპიევა გვესაუბრა. „ოსები, ისევე, როგორც სხვა მრავალი ხალხი, გაქრისტიანებამდე წარმართები იყვნენ. ოსთა წინაპრები რამდენიმე ღმერთს იცნობდნენ: მზისა და ცის განმგებელს - პაპაის; კერისა და ბედნიერების ღმერთს - თაბითის; ომების ღმერთს - არესს. ოსთა საღვთო პანთეონში მთავარი ადგილი უკავია ღვთაებათა ღვთაებას, ყველაზე ძლიერი სალოცავი ოსებში არის წინარექრისტიანული (VII_VI ს. ჩვ. წ. აღ.-მდე.) ღვთაება ვასთირჯი. ვასთირჯი წმინდა გიორგის კულტთან სინკრეტიზებული მამაკაცთა, მგზავრთა და მეომართა მფარველი ღვთაებაა. დიდ პატივს სცემდნენ ოსები მოსავლის ღვთაებას ვაცილას (იგივე წმიდა ელია), მონადირეებისა და გარეული ცხოველების მფარველს - აფსათის, მგლების მფარველს __ თუთირს, წვრილფეხა საქონლის ღვთაებას - ფალვარას, კერიის დამცველ ღვთაებას - საფას, სამჭედლო საქმეთა გამგებელს, ზეციურ ქურდალაგონს, წყალქვეშა სამეფოს გამგებელს - დონბედტირს და სხვ. არსებობდნენ ხეობის, კუთხის, სოფლისა და ცალკეული გვარის მფარველი ღვთაებებიც“, - ამბობს ნაირა ბეპიევა.
წარმართობის შემდგომ ამ ეთნოსის ქრისტიანიზაცია ხდება. იმის შესახებ, თუ როდის ხდება ოსთა გაქრისტიანება, ისტორიკოსებს სხვადასხვა მოსაზრება აქვთ. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, ოსები ქრისტიანობას პირველ-მეორე საუკუნეში, მოციქულთა დროს, ანდრია პირველწოდებულის ქადაგების შედეგად ეზიარნენ. ვახუშტი ბატონიშვილის მოსაზრებით კი, ოსები უფრო მოგვიანებით, მეშვიდე საუკუნეში გაქრისტიანდნენ. ქრისტიანობა კი სახელმწიფო რელიგიად მეათე საუკუნეში გამოაცხადეს. სხვათა შორის, ქრისტიანობა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში დღესაც სახელმწიფო რელიგიაა.
არსებობს რამდენიმე აგიოგრაფიული თხზულება, სადაც ოსთა გაქრისტიანებასა და მათ მარტვილობაზეა საუბარი. განსაკუთრებით საინტერესოა სომხურ და ქართულ ენაზე არსებული თხულება, რომელშიც ოსი მხედრების ქრისტესათვის თავდადებაა აღწერილი. ისინი დიდგვაროვანი ოსი ქალის, სათენიკის პირადი დაცვის წევრები იყვნენ. ოსი მხედრები ქრისტიანად მონათვლის გამო წარმართი თანამემამულეების ხელით მოწამებრივად აღესრულნენ.
ნაირა ბეპიევას თქმით, ოსური ქრისტიანობა ქართულის გავლენას ყოველთვის განიცდიდია: „პროკოფი კესარიელი, ბიზანტიელი ისტორიკოსი, აღნიშნავდა, რომ ალანები არიან ქრისტიანები. აქ, რასაკვირველია, იგულისხმებოდა ალანთა ერთი ნაწილი, რომელსაც მჭიდრო კავშირი ჰქონდა ბიზანტიასთან. ალან-ოსების მეორე ნაწილმა, „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ქრისტიანობა საქართველოდან მიიღო (VII ს.-ში). ასე რომ, ქრისტიანობა ოსეთში ბიზანტიისა და საქართველოს ზეგავლენით გავრცელდა. IX საუკუნის მოღვაწე, სლავური დამწერლობის შემქმნელი კონსტანტინე (იგივე კირილი, ცნობილი ბერძენი სწავლული) ალანებს მათ შორის იხსენიებს, რომლებსაც „აქვთ დამწერლობა და ადიდებენ ღმერთს თავიანთ მშობლიურ ენაზე“. ამ დროისათვის ითარგმნებოდა ქრისტიანული სასულიერო ლიტერატურა და ღვთისმსახურებაც ალანურ ენაზე სრულდებოდა“.
XIV-XV საუკუნეებიდან ოსეთში ისლამის გავრცელება იწყება. გავრცელებული ცნობების მიხედვით, ძირითადად, ოსთა მაღალი სოციალური ფენა გამაჰმადიანდა, გლეხები კი ქრისტიანებად დარჩნენ.
„XVII-XVIII საუკუნეებში დიგორელმა ოსების ერთმა ნაწილმა (ყაბარდოს გავლენით) ისლამი მიიღო. დღეს ოსები ქრისტიანები არიან. ოსთა ძალიან მცირე ნაწილი სუნიტი მუსლიმია. ოსებში დღემდე შემორჩენილია ძველი ხალხური რწმენა-წარმოდგენები. ოსები დღესაც აღნიშნავენ ძველ, ტრადიციულ დღესასწაულებს: თიბვის დაწყებას , მოსავლის აღებას, სახალხო დღესასწაულებს და სხვ“, - ამბობს ნაირა ბეპიევა.
ოსთა შორის, ისე როგორც საქართველოსა და, ზოგადად, კავკასიის ტრადიციულ მოსახლეობაში, დღემდე ძლიერია ელიას (ვაცილას) კულტიც.
ნაირა ბეპიევას თქმით, ქრისტიანულ დღესასწაულებს - გიორგობას, მარიამობას და სხვა დღესასწაულებს ოსები ქართველებთან ერთად აღნიშნავენ. ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ისიც, რომ ბევრი საეკლესიო ტერმინი ოსურში ქართულიდანაა შესული: ჯვარი, ქრისტიანი, მარიამი და სხვ.“.
გარდა მუსლიმებისა, დღეს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შემდეგი რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლები გვხვდებიან: იეჰოვას მოწმეები, ბაპტისები, ახალსამოციქულო ეკლესიის მიმდევრები... თუმცა, მათი რაოდენობა მცირეა. სამხრეთ ოსეთში მცხოვრებთა უმეტესობის რელიგია ქრისტიანობაა.
22.06.2012
